ეფექტური სახელმძღვანელო მშობლიურ ენაზე
წერა-კითხვის შესასწავლად
მშობლიური ენის საფუძვლიანი და გააზრებული სწავლება
პირველი კლასიდანვე უნდა დაიწყოს-ბუნებრივია, 6
წლის ბავშვისთვის მისაწვდომ დონეზე.
მასწავლებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს როგორც
მოსწავლის საშემსრულებლო, ასევე მისი აზროვნების, დამოუკიდებელი მუშაობისა და
ძიების უნარ-ჩვევათა განვითარებას.
მშობლიური
ენა არის უმთავრესი საგანი, რომლის სწავლებამ უნდა ჩამოაყალიბოს და განავითაროს ადამიანის უმნიშვნელოვანესი უნარ-ჩვევები.
გამომცემლობა „დიოგენეში“ ჩვენი საავტორო ჯგუფის მიერ შექმნილი
მშობლიური ენის პირველი კლასის სახელმძღვანელო, ერთი მხრივ,
მშობლიური ენის სწავლების საუკეთესო ტრადიციებს ემყარება, მეორე მხრივ, -თანამედროვე,
ეფექტურად სწავლების მოთხოვნებს.
ზოგადი
პედაგოგიკური პრინციპი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენ მიერ შექმნილი სახელმძღვანელოების
შინაარსსა და წყობას, არის შესაბამისობა ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან, წერა-კითხვის შემსწავლელი სწორად შერჩეული მეთოდი, თანმიმდევრულობა,
სისტემატურობა მასალის დალაგებაში, შინაარსის აქტუალობა, გადმოცემის ხელოვნება, დავალებების
მრავალფეროვნება...
მიდგომა,
რომელსაც ჩვენი სახელმძღვანელო ეყრდნობა, წერა-კითხვის
სწავლების აპრობირებული, გამოცდილი საშუალებაა.
ჩვენ დარწმუნებული ვართ მის მოქნილობასა და ეფექტიანობაში. ამას იმ პედაგოგთა გამოხმაურებებიც გვალაპარაკებს,
რომლებიც წლების წინ ამ სახელმძღვანელოთი მუშაობდნენ. ამჯერად ჩვენ მისი განახლებული, გადამუშავებული ვარიანტი
წარმოგიდგინეთ.
რატომ შევაჩერეთ არჩევანი „ფერადი მარცვლების მეთოდზე“?
სახელმძღვანელოსთვის
შექმნილია მეთოდური სისტემა, რომელიც, ერთი
მხრივ, გოგებაშვილის „დედა ენის“ მარცვალთა
სისტემას და ჟ. პიაჟეს მიერ გამოკვლეულ უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა აღქმის თავისებურებებს ეფუძნება, მეორე მხრივ, სწავლების
თანამედროვე, ეფექტურ სტრატეგიებს. შემუშავებულია სიტყვის, წინადადების ამოკითხვის
ახალი მეთოდიკა. ამ მიზნით გამოყენებულია აწ
განსვენებული პედაგოგისა და მეთოდისტის ქალბ. დოდო ნაზირიშვილის ორიგინალური მიგნება-
„სწავლება ფერადი მარცვლებით.“
მარცვალთა
საუკეთესო სისტემა თავის სახელმძღვანელოში იაკობ გოგებაშვილსაც ჰქონდა გამოყენებული.
აღნიშნული
სტრატეგიით სიტყვების ამოკითხვა მოსწავლეზე „დანაწევრებული მთლიანის“ შთაბეჭდილებას ახდენს, ბავშვი ადვილად და სწრაფად
სწავლობს კითხვას, მისი ფონოლოგიური ცნობიერება ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად ვითარდება. ბავშვები მარტივად და სწორად ახერხებენ
მარცვლების სიტყვებად გაერთიანებას. საბოლოო ჯამში, ისინი სწრაფად ეუფლებიან კითხვას.
სახელმძღვანელო
ეფექტური სასწავლო რესურსია ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ მოსწავლეებთან სამუშაოდაც. მაღალი მზაობის მქონე მოსწავლეებს საშუალებას მისცემს სწრაფად დაეუფლონ წერა-კითხვას,
სწორად შეძლონ სიტყვების დეკოდირება, სუსტი
მზაობის მქონე მოსწავლეებს (წერა-კითხვის სწავლებაში
გამოსაყენებელ სხვა სასწავლო რესურსებთან შედარებით) გაუიოლებს დამარცვლას, ამავდროულად,
უზრუნველყოფს სიტყვების მთლიანობით აღქმასაც.
რა ვასწავლოთ?
როგორ ვასწავლოთ?
მოკლე
ინფორმაცია კითხვის სწავლების ძირითადი მიდგომების შესახებ
წიგნიერების დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მსოფლიოში
კითხვის სწავლების ბევრი მიდგომაა შემუშავებული, ამიტომაც ამ სფეროში პოლემიკა ჩვეულებრივი
მოვლენაა. ყველაზე მეტი დებატები ფინეტიკური სწავლებისა და მთლიანი ენის მიდგომების
გარშემო წარმოებს.
ფონეტიკური
მეთოდი
ამ
მიდგომის მთავარი თეზაა: საუკეთესო გზა კითხვის სწავლებისთვის,- ეს არის გზა ნაწილიდან
მთელისაკენ.
მეთოდის მიხედვით, მოზარდები კითხვის სწავლისას პირველ
რიგში ცდილობენ გაიაზრონ ენის უმცირესი კომპონენტი და შემდეგ უკვე მთლიანი ტექსტის
გააზრებაზე გადადიან.
ფონეტიკური
მეთოდის მიხედვით, მოზარდი პირველ რიგში სწავლობს იმ სიტყვებს, რომლებშიც ერთსა და
იმავე ფონეტიკურ კომპონენტებს ვხვდებით. შემდეგ ეტაპზე სწავლობს, თუ როგორ განასხვავოს
ეს ფონემა სხვა ფონემისგან. მას შემდეგ, რაც ამ საფეხურებს გადალახავს, მას მოეთხოვება
შეადგინოს სიტყვები, რომლებიც მის მიერ ნასწავლი ფონემებისგან შედგება და, საბოლოო
ჯამში, ნასწავლი გამოიყენოს. მან უნდა წაიკითხოს
უკვე მთლიანი წინადადებები და არა ცალკეული სიტყვები.
მთლიანი
ენის მიდგომა
მთლიანი ენის მიდგომის
დამცველები დარწმუნებული არიან, რომ ბავშვი კითხვასა და წერას ისევე სწავლობს, როგორც
ლაპარაკსა და მოსმენას,-ცდისა და შეცდომის მეთოდით.
მთლიანი ენის მიდგომა ყურადღებას
ამახვილებს ტექსტიდან აზრის გამოტანის მნიშვნელობაზე.
ამ მიდგომის მიხედვით, ფონეტიკის ექსპლიციტურად შესწავლა
აუცილებელი არ არის, რადგანაც ამ შემთხვევაში სწავლება მიმდინარეობს მთლიანიდან ნაწილისაკენ.
კონტექსტიდან გამომდინარე, სიტყვის მნიშვნელობის გამოცნობა და ზედაპირულად აღქმა კითხვის
სწავლების უპირველესი სტრატეგიაა. ამ მეთოდის მიხედვით, უმცირესი ელემეტებიდან დაწყებისა
და შემდეგ მთელზე გადასვლის ნაცვლად, კითხვა იწყება პირიქით-მთლიანიდან ნაწილისკენ
და ნაცნობიდან უცნობისკენ. სწავლა ამ კუთხით გულისხმობს არა ცალკეული სიტყვების სწავლას,
არამედ ტექსტიდან აზრის გამოტანის სწავლას.
ძირითადი კრიტიკა ამ მეთოდისა
იმაში მდგომარეობს, რომ თუ მოზარდებს კითხვის პროცესში ხვდებათ ესა თუ ის სიტყვა და მის მნიშვნელობას კონკრეტულ
კონტექსტში იგებენ, შესაძლოა შემდეგ ამ სიტყვას
ისინი დიდი ხნის მანძილზე აღარ შეხვდნენ.
დაბალანსებული
(კომბინირებული) მიდგომა
ამერიკის
შეერთებული შტატების ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების ნაციონალური ინსტიტუტი
30 წლის განმავლობაში ატარებდა კვლევათა სერიას. კვლევები მკაფიოდ ადასტურებს ფონეტიკის
სწავლების მნიშვნელობას, თუმცა ასევე ნათლად ჩანს, რომ მნიშვნელოვანია წაკითხულიდან
აზრის გამოტანა, მოტივაციისგან და კითხვისგან სიამოვნების მიღების ფაქტორები.
ამის გამო გაჩნდა მოსაზრება, რომ უფრო ეფექტურია დაბალანსებული
(ე.წ. კომბინირებული) მიდგომა, რომელიც მოიცავს ფონეტიკის სწავლებას და ამასთანავე
იზიარებს მთლიანი ენის ფილოსოფიას.
რომელი
მიდგომაა უკეთესი წერა-კითხვის სწავლებისთვის?
კვლევების შედეგად არ გამოკვეთილა
არცერთი ცალკე აღებული მეთოდი, რომლებიც სხვებზე ეფექტურია!
კვლევების საფუძველზე შემუშავებულ იქნა შემდეგი ინსტრუქციები:
·
ფონეტიკისა
და ფონეტიკური ცნობიერების ექსპლიციტურად და სისტემატურად სწავლების აუცილებლობა.
·
ფონეტიკური
მეთოდების გამოყენების მიზანშეწონილობა წინასასკოლო პერიოდიდან მეექვსე კლასის ჩათვლით.
·
მოზარდების
უმრავლესობისთვის ფონეტიკური მეთოდებით სისტემატური სწავლების ეფექტურობა, ხოლო დაბალი
მიღწევის მქონე მოზარდებისთვის კომბინირებული მეთოდის გამოყენების აუცილებლობა.
·
ფონეტიკის
სწავლების ექსპლიციტური მეთოდები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდთა იმ ჯგუფებისთვის,
რომლებსაც კითხვის პრობლემა აქვთ.
·
მოზარდების
კითხვის უნარის განვითარებას ხელს უწყობს ლიტერატურულად მდიდარი გარემო და პრაქტიკული
მეცადინეობები ავთენტური ლიტერატურისა და ნაცნობი მასალების კითხვაში, თუმცა მეტად მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ვერც ავთენტური
ლიტერატურა და მდიდარი კონტექსტი ვერ ჩაანაცვლებს ბგერების დეკოდირების უნარის ჩამოსაყალიბებლად
საჭირო ექსპლიციტურ მასალას.
·
ლექსიკური
მარაგის შეძენა უმჯობესია ერთდროულად ორი მეთოდის გამოყენებით-პირდაპირ (კონკრეტული
ტექსტის გარეშე) და არაპირდაპირ (სიტყვებით, რომლებიც კონკრეტულ ტექსტში გვხვდება).
·
სიტყვების
გამეორება და მისი მრავალჯერადად გამოყენება ხელს შეუწყობს სიტყვათა მარაგის გამდიდრებას.
·
მასწავლებლებისა
და მშობლების მიერ მოზარდებისთვის ხმამაღლა
კითხვა ძალიან ეფექტურია ლექსიკური მარაგის გამდიდრების, ენის გამოსახვისა და ენობრივი
ნიუანსის აღქმის უნარის განვითარებისთვის.
·
მასწავლებლის
ზედამხედველობის ქვეშ მოსწავლეების მიერ ხმამაღალი კითხვის ეფექტურობა.
რაში მდგომარეობს კითხვის ფსიქოლოგიის პრობლემები, როგორ
კითხულობს ადამიანი, -ასო-ასო თუ მთლიანი სიტყვებით?
რა თქმა
უნდა, ამ საკითხზე არსებობს განსხვავებული
მოსაზრებები:
ა) აღქმული ასოები იწვევს ბგერების ასოციაციას, ამოკითხვა
ხდება ასო-ასო.
ბ). ადამიანი არა სიტყვის შემადგენელ ნაწილებს კითხულობს,
არამედ მთლიან სიტყვას. ასოთა მიმდევრობა კი არ წაიკითხება, არამედ შეივსება სიტყვის
მნიშვნელობის წვდომის მიხედვით. რაც უფრო ნაცნობია სიტყვის ფორმა, მას უფრო ადვილად
ამოვიკითხავთ.
გ) გეშტალტფსიქოლოგების აზრით, დაწერილი სიტყვის
ხატი ცალკეული ასოების ჯამი კი არ არის, არამედ განაწევრებული მთლიანია,-გეშტალტია.
ამიტომ გეშტალტფსიქოლოგებმა განავითარეს მთლიანი სიტყვის ანუ ანალიზური მეთოდები.
დ) ქართველ
ფსიქოლოგთა აზრით, ბავშვი ვერ ამჩნევს თავის მეტყველებას, ვინაიდან მას ახასიათებს ეგოცენტრიზმი(ჟ პიაჟე). სანამ ბავშვი თავისივე მეტყველების პროცესს არ გააცნობიერებს,
იგი ვერ შეძლებს წინადადებიდან სიტყვის გამოყოფას, ამიტომ მათ საჭიროდ მიაჩნიათ გადმოცემის
ანუ თქმის პროცესის გაცნობიერება, მისი ობიექტივაცია, დაკვირვების საგნად ქცევა. აქედან
გამომდინარე, ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ წინასააანბანო სამუშაოს: საუბრებს,
ამბის გადმოცემას და ა. შ.
წაკითხვის
მთავარი სიძნელეა წასაკითხი სიტყვის გამთლიანებაა. ბავშვი ადვილად სწავლობს ასოების
ცნობას და ცალკეული სიტყვების ამოკითხვას, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა კითხვა.
კითხვა-ესაა
ასოების გამთლიანებაა სიტყვად და სიტყვების
გამთლიანება წინადადებად.
პერცეპტიულ ფონეტიკაში ცობილია, რომ ბავშვი სიტყვის წარმოთქმისას
ფონემად მარცვალს აღიქვამს. დაწერილი მარცვალი
ბავშვებმა მთლიან ფონემად რომ აღიქვან, ამისათვის საჭიროა
მარცვლის შემჩნევა სიტყვაში.
რაც უფრო მეტი ორგანო მონაწილეობს აღქმაში, ადამიანი მით
უკეთ აღიქვამს და შემდეგ აცნობიერებს წაკითხულს.
თავისთავად ცხადია, სიტყვის სმენით დამარცვლასა და პირიქით, მარცვლების სიტყვებად
გამთლიანებაში მას ძალიან დაეხმარება მხედველობითი აღქმა. სასურველია, რომ მარცვალ-
სიტყვის გეშტალტს ბავშვი მხედველობითაც აღიქვამდეს.
სწორედ ამ აზრითაა ნაკარნახევი სიტყვის დაწერა ფერად მარცვლებად. (მორიგეობით: წითელ-ლურჯ
ფერებად).
რატომ უადვილდება
ბავშვს კითხვა სწორედ ამ მეთოდით?
ექვსწლიან
ბავშვებში შემჩნეულია ბუნებრივი უნარი, რომლის წყალობითაც ისინი ღიამარცვლიან სიტყვებს
თავისუფლად და სწორად მარცვლავენ,-ყოველგვარი სწავლების გარეშე. მაშინაც კი, როცა არც
მარცვალი იცის, არც ასო და არც ბგერა, ბავშვი უშეცდომოდ მარცვლავს სიტყვას. ეს ხდება
რიტმის შინაგანი ბუნებრივი გრძნობის წყალობით. ექვსწლიანთა დაახლოებით ნახევარი თანხმოვანდაჯგუფებულ სიტყვებსაც კი მარცვლავს,
მეორე ნახევარს უჭირს მხოლოდ შეჯგუფებულ თანხმოვანთა
განაწილება.
„ფერადი
მარცვლები“ ბავშვს სწორედ გამთლიანების სიძნელეს უადვილებს. ცალკე ერთი ფერით დაწერილი
მარცვალი ბავშვს იმისთვის განაწყობს, რომ ეს მარცვალი ერთ მთლიანობად აღიქვას, გარდა ამისა, საჭირო არაა მარცვლებს შორის დეფისების
ჩასმა. დეფისები ხელს უშლიან სიტყვის გამთლიანებას,
თანაც სიტყვას მთლიანობას უკარგავენ. ბავშვს უჭირს გრძელი სიტყვები გაბმულად ამოიკითხოს,
დეფისები კი ამას უფრო უძნელებს. ფერადი მარცვლებით დაწერილი სიტყვა თან მთლიანია,
(ვინაიდან მეზობელი სიტყვებისგან სივრცითაა გამოყოფილი), თან განაწევრებულია. შეიძლება
ითქვას, რომ ეს არის გეშტალტის საუკეთესო ფორმა.
სახელმძღვანელოში
სიტყვის ფერად მარცვლებად გამოსახვა პირველკლასელს
ეხმარება სმენით აღქმული მარცვალი ვიზუალური აღქმითაც განამტკიცოს. ერთ ფერად აღქმული მარცვალი თავისთავად მთლიანია,
მეორე მხრივ, სიტყვაც მთლიანობას ინარჩუნებს, რადგან მარცვლებს შორის დეფისები არაა.
მარცვლის
მოსმენამ, მისმა მთლიანად დანახვამ და წარმოთქმამ მოხსნა პრობლემა მარცვლის ასოთა შერწყმით წარმოთქმისა. გარდა ამისა, მარცვლები
სიტყვებად გაცილებით ადვილად გამთლიანდა.
რა თქმა
უნდა, კითხვის სწავლების პარალელურად მიმდინარეობს
მუშაობა ლექსიკაზე, ზეპირმეტყველებაზე და წერის უნარ-ჩვევათა განვითარებაზე.
როგორია ჩვენი სახელმძღვანელოს სტრუქტურა?
ჩვენს
სახელმძღვანელოში წინასაანბანო პერიოდში, ძირითადად, მიმოიხილება ისეთი საკითხები, რომლებიც ნაცნობია
ბავშვისთვის, მაგრამ უფრო გააფართოვებს მის
ცოდნას, განუვითარებს სივრცითი მიმართებების ამოცნობის უნარს, მოსწავლე შეძლებს საგანთა
კატეგორიზებას, დაჯგუფებას, მარტივი ინტრაქციებში ჩაბმას, საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების
დაკავშირებას ნასწავლთან, გაგონილთან. ამ პერიოდში
მოსწავლეს მნიშვნელოვნად განივითარდება მოტორული
უნარ-ჩვევები, ბავშვი მოემზადება წერისთვის.
წინასაანბანო
პერიოდში სასაუბრო თემატიკა, ძირითადად, ასეთია: სასკოლო და საკლასო საქმიანობები,
სკოლაში ქცევის წესები, ურთიერთობა თანაკლასელებთან და მასწავლებელთან, რატომ ვსწავლობთ, მე და ჩემი ოჯახი,
სათამაშოები და სასწავლო ნივთები, წელიწადის ოთხი დრო, საშემოდგომო შრომა-საქმიანობა,
შინაური და გარეული ცხოველები, შინაური და
გარეული ფრინველები, საოცარი ცხოველები, ზღაპრების პერსონაჟები, ჩვენი სამშობლო, ჩვენი დედამიწა, მსოფლიოს მრავალფროვნება, რას ვსაქმიანობთ,
ჩვენი ენა...
საანბანო
პერიოდში მოსწავლეები ყოველკვირეულად ორ-ორ ასო-ბგერას გაეცნობიან. მეშვიდე საგაკვეთილო
საათი კვირის განმავლობაში შესწავლილი მასალის განმტკიცება-შეჯამებას დაეთმობა. შემაჯამებელი
გაკვეთილებისთვის საჭირო დამატებითი მასალა
მასწავლებლის წიგნში უხვად ჩავდეთ.
წიგნში დეტალურად არის განხილული უკვლებლივ ყველა გაკვეთილი. აქ მოთხრობილია, თუ რა მიზანს ემსახურება კონკრეტული
გაკვეთილი და რა უნარ-ჩვევების გამომუშავებას უწყობს ხელს ესა თუ ის სავარჯიშო. აქტივობების
ტიპი (ინდივიდუალური, წყვილებში, ჯგუფური) მეტად მრავალფეროვანია. მოცემულია დიდძალი
საკითხავი მასალა, საიდანაც მასწავლებელს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს
ნებისმიერი ტექსტი და წაუკითხოს ბავშვებს. ბუნებრივია, გაკვეთილი შერჩეული ტექსტის
მიხედვით წარიმართება.
ე. წ.
„პარასკევის გაკვეთილებზე“ განხორციელდება შემდეგი აქტივობები: თემის შესატყვისი, მცირე
მოცულობის ლიტერატურული ტექსტების მოსმენა და გაგება-გააზრება, როლური და შემეცნებითი
თამაშები, ხატვა მითითებულ თემებზე, სწავლა კეთებით,-პლასტილინის ფიგურების ძერწვა,
(სურვილის შემთხვევაში), საკლასო გამოფენები, სწავლა ნეთ-ბუკების გამოყენებით და ა.შ.
წინასაანბანო
პერიოდში მოხდება მოსწავლეთა მომზადება კითხვისა და წერის შესწავლისათვის. განსაკუთრებული
ყურადღება მიექცევა ზეპირმეტყველების განვითარებას, მიზანმიმართულად დაიწყება მოსწავლეთა
ლექსიკური მარაგის გამდიდრება, მოსწავლეები დაეუფლებიან სამეტყველო ეტიკეტის ენობრივ
ფორმულებს, შეძლებენ სივრცითი და დროითი მიმართებების გაგებას...
მარტივი
ინტერაქციებით მოხდება მოსწავლეთა საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარება, მათი ჩაბმა
ჯგუფურ აქტივობებში. ბავშვები შეეჩვევიან საკუთარი
აზრის გამოთქმას და სხვის მოსმენას, საფუძველი
ჩაეყრება მართლმეტყველების წესების სწავლებას.
საანბანო
პერიოდში (105 გაკვეთილი) მოსწავლეებს თანდათანობით, ეტაპობრივად და მიზნობრივად განუვითარდებათ
წერა-კითხვის უნარ-ჩვევები. ეს პერიოდი სამ ნაწილადაა დაყოფილი:
პირველ
ეტაპზე ცხრა ასო-ბგერას და მათთან დაკავშირებულ ტექსტებს მოსწავლეები ფერადი მარცვლებით ისწავლიან.
ორ ფერში წარმოდგენილ სიტყვას-მარცვლებს ბავშვები აღიქვამენ როგორც „დანაწევრებულ მთლიანს,“
ამდენად, მათ არც სიტყვის დანაწევრება გაუჭირდებათ და არც მარცვლების სიტყვებად გამთლიანება.
ამ ეტაპზე დაიძლევა კითხვის გარკვეული პრობლემები, მოსწავლეებს კი ჩამოუყალიბდებათ მარცვლების ამოკითხვის უნარ-ჩვევები.
მოსწავლეები
შეძლებენ ილუსტრაციის ტექსტთან დაკავშირებას-მითითებული საგნების ამოცნობას. მოსწავლე
მიეჩვევა კითხვისას პაუზების გაკეთებას, სხვის მიერ დაწყებული კითხვის გაგრძელებას...
სიტყვების
ანალიზი მოხდება მარცვლებისა და არა ასოების
დონეზე. ბავშვები შეძლებენ ნასწავლი ასოებისა და სიტყვების გამოწერას. მოსწავლეს გამოუმუშავდება
წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები.
მეორე ეტაპზე ფერადი მარცვლებით ბავშვები საანალიზო სიტყვებს წაიკითხავენ, ძირითადი ტექსტი კი შავ-თეთრი გახდება. მეორე ეტაპი დასრულდება მეთექვსეტე ასო-ბგერის, ნ-ს გაცნობით. ამ დროისთვის
მოსწავლეს უკვე შეეძლება სიტყვის ანალიზი, ასოსა და სიტყვის გამოწერა...
მოსწავლის
კითხვის უნარ-ჩვევა ამ ეტაპზე შესამჩნევად ვითარდება. მას უკვე გარკვეული ლექსიკური
მარაგი ექნება დაგროვილი. საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებიც უფრო განუვითარდება.
მესამე
ეტაპზე-(მეჩვიდმეტე ასოდან ბოლომდე) მოსწავლე უფრო განავითარებს კითხვის მოქნილობას,
იგი შეძლებს წინადადების სრულ ანალიზსა და
სინთეზს, წაკითხულის გააზრებას, ენობრივ ერთეულებზე დაკვირვებას, წერითი სავარჯიშოების
შესრულებას, მათ შორის, წინადადებების გამოწერას. ამ ეტაპზე
საანალიზო სიტყვები ფერადი მარცვლებით ამოიკითხება, მაგრამ მათი წილი თანდათან შემცირდება, ძირითადი
ტექსტი შავ-თეთრი იქნება. ბოლო ოთხ გაკვეთილზე,
როცა მოსწავლე კითხვაში უფრო გამოცდილი გახდება,
ფერადი მარცვლებით ამოიკითხავს მხოლოდ
ზედა არეზე განლაგებულ საანალიზო სიტყვებს.
ფერადმარცვლიანი სიტყვების წილი უკვე მინიმალური გახდება და მეტი დატვირთვა შავ-თეთრ ტექსტებზე წამოვა.
. საანბანო პერიოდში ბოლო რამდენიმე გაკვეთილის ტექსტი სიუჟეტური შინაარსის მქონეა,
რაც თქვენი მოსწავლეების დაინტერესებას ერთიორად
გაზრდის.
ანბანისშემდგომ
პერიოდში პირველკლასელი მოსწავლე გაენობა ჟანრობრივად მრავალფეროვან ლიტერატურას
(90 გაკვეთილი).
საკითხავი
ტექსტების შერჩევას საავტორო ჯგუფმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. შერჩეული ტექსტები
ითვალისწინებს პირველკლასელთა ასაკობრივ თავისებურებებს. სახელმძღვანელოში ბევრი ტრადიციული,
კლასიკური თუ ხალხური ლექსი, მოთხრობა შევიდა, ტექსტების ნაწილი კი თანამედროვე ქართველმა
ავტორებმა სპეციალურად ამ წიგნისთვის დაწერეს. მოსწავლეეები გაეცნობიან მცირე მოცულობის
ტექსტებს-მოთხრობებს, ლექსებს, ზღაპრებს, იგავ-არაკებს,- თანდართული ანდაზებითა და
გამოცანებით.
მოსწავლის
რვეულში წერითი სავარჯიშოები უფრო გართულდება, უფრო მრავალფეროვანი გახდება: წერა კარნახით, დაფიდან
და წიგნიდან გადაწერა, მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა, სიტყვაგამოტოვებული წინადადებების
შევსება...
სახელმძღვანელოში გამოყენებული ილუსტრაციების შესახებ
ილუსტრაციებმა,
რომლებიც ჩვენ სახელმძღვანელოში გამოვიყენეთ, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ჩვენი
მკითხველების გარკვეული ნაწილი მათ განიხილავდა
თავისი გემოვნების, თავისი შეხედულებების მიხედვით. ამაში საკვირველი არაფერია,
ვინაიდან ხელოვნების აღქმა სუბიექტურია. ყველას
აქვს უფლება რაიმე მოსწონდეს ან არ მოსწონდეს.
მაგრამ ვისი პოზიციიდან ვაფასებთ ამ ილუსტრაციებს,- უფროსებისა თუ ბავშვების? რომელი უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ-უფროსებს რა მოგვწონს,
თუ 6-7 წლის ბავშვს რა მოეწონება? როგორი ვიზუალი იქნება მათთვის უფრო აღქმადი?
გავიხსენოთ,
რატომ უყვართ ამ ასაკის ბავშვებს თოჯინური
ფილმები, რატომ დადიან ისინი თოჯინების თეატრში, როგორი
სათამაშოები მოსწონთ... შეიძლება ეს
ყველაფერი უფროსების განსაზღვრულ ნაწილს არ
აინტერესებდეს, აღიზიანებდეს კიდევაც, მაგრამ
უყვარდეს მათ შვილებს. ამ შემთხვევაში აზრი
უფროსებს კი არა, ბავშვებს უნდა ვკითხოთ. პატარებისთვის
ამაზე გვიკითხავს და პასუხიც მიგვიღია. სწორედ
მათ მოტივაციაზე დაკვირვებამ გვიბიძგა ასეთი
გაბედული ნაბიჯის გადადგმისკენ. (რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ამ სახის ილუსტრაციებზე
საზოგადოების აზრი ორად გაიყოფოდა).
საყოველთაოდ
გავრცელებულია მოსაზრება, რომ თვალსაჩინოება სწავლის მოტივაციის გამაძლიერებელი საშუალებაა.
სინამდვილეში კი მეტისმეტად ჭარბი, ჭრელი და მიმზიდველი ნახატებით სწავლისა და აზროვნების მოტივაცია კი არა, ძლიერდება
ზერელე გადაკითხვის, სახელმძღვანელოში ნახატების
თვალიერების, თამაშის მოტივაცია. თვალსაჩინოება
მხოლოდ იმ ფორმითა და ზომით უნდა გამოიყენებოდეს, რაც უშუალოდაა საჭირო ამა თუ იმ პროგრამული
მასალის გასააზრებლად, ღრმად და აქტიურად სასწავლებლად.
ცნობილი
პედაგოგები თვალსაჩინო სწავლებას ისინი მიიჩნევდნენ პირველდაწყებითი
სწავლების საფუძვლად, უშუალო გრძნობად აღქმაში კი
ხედავდნენ აზროვნების განვითარების საფუძველს. მათი აზრით, ცნებები უნდა დაფუძნებოდა
წარმოდგენებს, ხოლო წარმოდგენები- შეგრძნებებს. თვალსაჩინოებას მიიჩნევდნენ გააზრებული
სწავლების საწყის ეტაპად, რომლის გარეშე ცნებები შინაარსს კარგავს და არაფრისმთქმელი
ხდება.
მაგრამ
თვალსაჩინოების გამოყენების ფარგლები, ზომა და საფეხურები საგულდაგულოდ უნდა იყოს დამუშავებული,
რათა იგი აზროვნებისთვის, ნაცვლად საყრდენისა, შემაფერხებლად არ იქცეს. ასე თვლის
, მაგალითად, ცნობილი მეცნიერი ბრუნერი. უზნაძე
თვლის, რომ ჭარბი თვალსაჩინოება შემაფერხებელია ცნებითი აზროვნების განვითარებისთვის. ცნებათა გარეშე ადამიანი თავს
ვერ დააღწევდა ქცევის იმპულსურობას.
ვფიქრობთ,
რომ ჩვენ შევძელით დაგვეცვა ხელმძღვანელოს
გაფორმების საუკეთესო პრინციპების დაცვა. წიგნი
გაფორმებულია პლასტილინისგან გამოძერწილი ფიგურების სამგანზომილებიანი ილუსტრაციებით.
გაფორმების ეს ორიგინალური ხერხი დადებით ემოციურ ეფექტს ახდენს ბავშვებზე და მათში
„მსგავსის შექმნის“ სურვილს აღვიძებს.
სურვილის
შემთხვევაში, მასწავლებლებს შეუძლიათ შემაჯამებელ გაკვეთილებზე ბავშვებს გამოაძერწინონ
მსგავსი ფიგურები, ასაუბრონ მათზე. ეს განავითარებს მოსწავლეთა მოტორულ უნარებსაც.
რა დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ?
ფერადი მარცვლების სისტემა ერთდროულად ითვალისწინებს
პერცეპტიულ ფონეტიკას, გეშტალტფსიქოლოგიურ თეორიას და გოგებაშვილისეულ მარცვალთა სისტემას.
მაშასადამე,
ჩვენეული მეთოდიკის მთავარი საყრდენი მარცვალია. ამ დროს ადვილად გადავდივართ სიტყვის
ამოკითხვაზე, ან პირიქით, ასოზე.
ფერადი
მარცვლებით დაწერილი სიტყვა თან სრულიად მთლიანია, თან მარცვლებადაა დაშლილი. ეს კი
კარგ პირობებს ქმნის, რომ ბავშვმა სიტყვა აღიქვას, როგორც განაწევრებული მთლიანობა.
„ფერადი მარცვლების“ გამოყენებით შესაძლებელი
ხდება პირველ კლასებში მშობლიური ენის აქტიური და გააზრებული სწავლების განხორციელება.
ვფიქრობთ,
ეს სახელმძღვანელო გულგრილს არ დატოვებს პირველი კლასის არცერთ მასწავლებელს.
ნესტან კუპრავა
გამოყენებული ლიტერატურა:
დოდო ნაზირიშვილი-„მშობლიური ენისა და მათემატიკის სასწავლო
თვალსაჩინოების ოპტიმიზაცია“
ია კუტალაძე -წიგნიერება. PIRLS-2006
No comments:
Post a Comment